არჩევნები 2021

ერთადერთი ოპოზიციონერი მერი საქართველოში: „ყველას მერი ვიქნები“

ცესკოს მონაცემებით, 20 მუნიციპალიტეტიდან, სადაც ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ოპოზიციამ გამარჯვების მოპოვება მხოლოდ წალენჯიხაში შეძლო
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ხარჩილავა, რომელიც ცესკოს წინასწარი მონაცემებით წალენჯიხის მერის არჩევნების მეორე ტურს იგებს, პირობას დებს, რომ ყველა მოქალაქის პრობლემებს გაიზიარებს.
ამ დროისთვის წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი ლიდერობს. დანარჩენ 19 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში უპირატესობა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატების მხარესაა.
არჩევნები 2021
ცესკო: არჩევნები კონკურენტული იყო, მაგრამ ხარვეზებიც დაფიქსირდა
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხარჩილავამ მოიპოვა ამომრჩეველთა ხმების 51,11%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გულორდავამ - 48,89%.
„მე ვპირდები ჩემს მოსახლეობას, რომ ყველას მერი ვიქნები. მათი პრობლემების გამზიარებელი. აქ უკვე კოალიციური მთავრობა შედგა. აქ კოალიციური საკრებულო შედგა. საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა, ოპოზიციურმა ძალებმა და მთლიანობაში ეს იძლევა მექანიზმს, რომ არ არსებობდეს, ნეპოტიზმი, კორუფცია და სატენდერო სქემები გაყალბებული კორუფციის გზით", - განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.
მისი თქმით, დღეიდან ყოველი თეთრი წალენჯიხელების საჭიროებებს მოხმარდება.
სამეგრელოს რეგიონის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 25 ათასამდე ადამიანს შეადგენს.