არჩევნები 2021

ზეწოლა და „კარუსელი": ოპოზიცია არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არჩევნებზე დაფიქსირებულ რიგ დარღვევებზე საუბრობენ.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. მთავარმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ბრიფინგი გამართა, რომლებზეც ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას გამოვლენილ რიგ დარღვევებზე ისაუბრა.
დღეს საქართველოს მოსახლეობა 20 მერს და 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
„ხელისუფლება ცდილობს ფალსიფიკაციის ყველა ის მეთოდი გამოიყენოს, რომელსაც მანამდე იყენებდა, ჩვენ ამას ვხედავთ“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სამართალდამცველები სიმბოლურად არიან მობილიზებული საარჩევნო უბნებთან, რომლებიც დარღვევებზე პრაქტიკულად არ რეაგირებენ.
„ნაცმოძრაობიდან“ თელავის მერობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ, ხოლო გარკვეული ადამიანები ცდილობენ უბნებთან ახალგაზრდების გადაბირებას და მათ იძულებას, რომ არჩევანი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთონ.
მმართველი პარტიის აქტივისტების და კრიმინალური ელემენტების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლაზე განაცხადეს ზუგდიდშიც.
არჩევნები 2021
შსს არჩევნების მიმდინარეობისას კანონდარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„ქალაქის არც ერთ უბანზე არ არის დაცული 100 მეტრიანი დისტანცია და მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა, პოლიცია არ რეაგირებს...გარკვეული ადამიანები საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან და ცდილობენ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას“,-განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა ზუგდიდში ანა წითლიძემ.
უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა ქუთაისშიც. მერობის კანდიდატ ხატია დეკანოიძის თქმით, ქუთაისშიც აქვს ადგილი ამომრჩევლების ნების კონტროლის, ხმის მიცემის პროცედურის ფარულობის და კარუსელების ფაქტებს.
ასეთივე სიტუაცია შეინიშნება თბილისშიც, სადაც პარტიის დამკვირვებლები ცალკეულ დარღვევებს აფიქსირებენ.
ამ დროისთვის შსს–მ ზუგდიდსა და სენაკში საარჩევნო უბნებთან დაფიქსირებულ დარღვევებზე საქმე „ძალადობის“ მუხლით აღძრა – დაკავებულია ხუთი პირი.