არჩევნები 2021

დეკანოიძე: „ახლა უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები...“

ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ეგზიტპოლების პირველადი შედეგები შეაფასა.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ხუთივე დიდ ქალაქში ოპოზიციის შედეგები არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის ქუთაისშიც, განაცხადა ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძის განცხადებით, ახლა აუცილებელია ამ ხმების დაცვა, რისთვისაც ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს.
„დამკვირვებლები არიან უბნებზე, გარდა ამისა, ყველას ესმის, რამდენად სასიცოცხლოა თითოეული ხმის დაცვა. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ ახლა მინდა მოვუწოდო მათ შორის ჩემს კონკურენტს, ნუ იკადრებენ ყველაფერს. იმიტომ რომ არ ეკადრება ამ ევროპულ ქალაქს ის, რასაც მთელი დღის განმავლობაში კადრულობდა „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელ საქართველოში“, - განაცხადა დეკანოიძემ.
საქართველოს მოსახლეობამ დღეს 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. ამერიკული კომპანია GORBI–ის მიერი ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ქუთაისში „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა მოიპოვა 51,9%, ხოლო ხატია დეკანოიძემ– 48,1%.
ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებით კი, ხატია დეკანოიძეს აქვს 53%, ხოლო იოსებ ხახალეიშვილს - 47%.