თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავის N12 ციხესთან, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, პოლიციის დანაყოფების მობილიზება უსაფრთხოების მიზნით ხდება. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული კადრების შემდეგ, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შედის რუსთავის N12 ციხეში სპეცდანიშნულების რაზმი, გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს და მოსალოდნელ არეულობებს უკავშირდებოდა, რომლის გამოც რუსთავის ციხესთან ხელისუფლებამ უსაფრთხოების ნორმების გაძლიერება გადაწყვიტა.
ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც, თუმცა ამ დროისთვის პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის რუსთავის N12 დაწესებულების გარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით დგანან პოლიციის დანაყოფები. ბუნებრივია, პერიოდულად ხდება თანამშრომელთა როტაცია და დღესაც სწორედ როტაციის დროს გადაიღეს მედიასაშუალებებმა ამ გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები“, - განაცხადეს უწყებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. სააკაშვილმა იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 30-ე დღეა საკვების მიღებაზე უარს აცხადებს.