თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. შსს-ში ისნის 62-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უბანზე შუქი ჩაქრა და ადგილზე ნიკა მელია მივიდა.
„საარჩევნო უბანში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ნიკანორ მელიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
დღეს საქართველოს მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
20 მერის სავარძლისთვის 40 კანდიდატი იბრძოდა. თითოეულ ქალაქში გამარჯვებული გახდება ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.