თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, ის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია, რაც გამორიცხავს მისთვის ამ სტატუსის მინიჭებას, ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საია ცესკო-ს აღნიშნული სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართავს.
„საია-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ გლდანის 31-ე უბანზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის („ვი პი ენ ჯორჯია“) დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ელენე ხოშტარია. ის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია, რაც გამორიცხავს მისთვის ამ სტატუსის მინიჭებას. საია ამ ფაქტზე რეაგირებისთვის, სტატუსის მოხსნის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს“, – აცხადებენ საია-ში.
დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოცხადდა ორი ეგზიტპოლის შედეგები: ერთის თანახმად, თბილისში იმარჯვებს კახი კალაძე, მეორის თანახმად — ნიკა მელია.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ამერიკული კომპანია GORBI–ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებით, კალაძეს ამომრჩეველთა ხმების 57,2% აქვს. ხოლო კალაძის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას კი 42,8%. ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებით კი, კალაძეს აქვს 49%, ხოლო მელიას - 51%. საუბარია 18:00 საათისთვის არსებულ წინასაწარ მონაცემებზე.