რატომ გამოქვეყნდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის სამხილები: სუს-ის განმარტება

Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის მტკიცებულებები პრევენციის მიზნით გამოქვეყნდა, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს)უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა.
სუსმა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ განაცხადა
როგორც გამოძიება ამტკიცებს, საქმის ფიგურანტები დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან შესაძლო ეტაპირებისთვის ხელის შეშლას გეგმავდნენ. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით „შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“. ამის შესახებ ცნობილი გახდა პარასკევს, არჩევნების მეორე ტურის წინა დღეს.
„თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არ იჩქაროს პრევენციული ღონისძიების გატარება უსაფრთხოების სამსახურმა და დაელოდოს ამის სისრულეში მოყვანას?“ - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, პარასკევს გამოქვეყნებული სამხილი - აუდიოჩანაწერი - მოპოვებულია კანონიერი გზით და გამოქვეყნებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე. სუსმა გამოაქვეყნა ორსაათიანი აუდიოჩანაწერის ნაწილი, რომლის ჩაწერაც თბილისში, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში განხორციელდა.
„ამან თავის თავად შეასრულა საპრევენციო ხასიათის როლი. ჩვენ ამით მოქალაქეებს, ვინც შეიძლებოდა ნებსით ან უნებლიეთ მომხდარიყო ამ გაუგებრობაში, მივეცით ინფორმაცია განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას, დაპატიმრებული ადამიანის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლას და ა.შ. მათ შორის არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრასაც... რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თვითონ ამ ჩანაწერის ფიგურანტმა პირებმა არ უარყვეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
გამოძიების მონაცემებით, აუდიოჩანაწერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო წერედიანი და სხვა პირები სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანის დროს გზების გადაკეტვის, სახელმწიფო დაწესებულებების დაბლოკვისა და შტურმის გეგმას და ასევე იმას განიხილავენ, რომ საუკეთესო შედეგების მისაღწევად სისხლისზღვრაა საჭირო.
სად შეიყვანა სპეცრაზმი ციხეების ადმინისტრაციამ
სუსის უფროსის თქმით, ყველა ეს ადამიანი უახლოეს დროს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.
პარასკევს სუსმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართა თხოვნით, მიღებულ იქნას უსაფრთხოების საგანგებო ზომები ექს-პრეზიდენტის შესაძლო ეტაპირების დროს.
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა. მისთვის გამოტანილი ორი განაჩენის მიხედვით, მას ციხეში ექვსი წელი მოუწევს ყოფნა.