თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა თავისი განცხადება რუსთავის ციხეში მყოფი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ.
როგორც ტელეარხ „იმედის“ ეთერში პრემიერმა განაცხადა, „კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას“. ამის გამო პრემიერი მკაცრად გააკრიტიკეს.
„საზოგადოებას მინდა განვუმარტო, გუშინ მე ვსაუბრობდი შიმშილობაზე და შიმშილობის დეფინიციაზე კანონმდებლობაში. ამაზე მქონდა საუბარი. შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზე და შესაძლოა, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს შემოვიდა. 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს და ციხეში განათავსეს სასამართლოს მიერ დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის შესაბამისად. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ციხეში მოთავსების შემდეგ შიმშილობს. მას ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.