არჩევნები 2021

დღეს ვირჩევთ მომავალს - პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არჩევნის დაფიქსირების შემდეგ მოსახლეობას მიმართა.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ილია მეორემ ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით საპატრიარქოს რეზიდენციაში მისცა.
„დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს, იმედით ვართ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს საქართველო. იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა“, - განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოში მერებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.