არჩევნები 2021

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იწყება

საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ზუსტად 12 საათი ექნებათ
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მერებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების მეორე ტური იწყება – ზუსტად 08:00 საათზე ქვეყანაში ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნება.
ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
ქვეყანაში მეორე ტურისთვის გაიხსნება 1.830 საარჩევნო უბანი. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში ექვსი და კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 29 სპეციალური საარჩევნო უბანი.
ერთიან საარჩევნო სიაში 2.088.722 ადამიანია. ყველაზე მეტი ამომრჩეველი თბილისშია 1.002.900.
არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.
კორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, არჩევნები განსაკუთრებული წესებით ჩატარდება – ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე უნდა გამოცხადდნენ პირბადით, კომისიის წევრები, დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე მისვლისას გაივლიან თერმოსკრინინგს და ჩაიტარებენ ანტიგენის სწრაფ ტესტს. საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები იქნებიან პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.
თვითმმართველობის არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში
არჩევნებში მონაწილე პირები
20 მერის სავარძლისთვის 40 კანდიდატი იბრძოლებს. თითოეულ ქალაქში გამარჯვებული გახდება ის კანიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებს, ამ შემთხვევაშიც სქემა იგივეა. თითოეულ რაიონში წარმოდგენილია ორი კანდიდატი და გაიმარჯვებს ის, რომელიც მოწინააღმდეგეზე უფრო მეტ ხმას მიიღებს.
დამკვირვებლები და მედია
არჩევნების პროცესს პარტიების 5.309 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი ორგანიზაციის 35.198 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1.102 წარმომადგენელი დააკვირდება.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს 119 მედიასაშუალების 3.711 ჟურნალისტი და ოპერატორი გააშუქებს.