არჩევნები 2021

მდინარაძე: ორ ოლქში ჩვენი და ოპოზიციის კანდიდატის მონაცემები მიახლოებულია ერთმანეთთან

30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. რამდენიმე საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატების მონაცემები ძალიან მიახლოებულია ერთმანეთთან, განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
მდინარაძის ინფორმაციით, მსგავსი მონაცემები 20-დან 2 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, თუმცა რომელ ოლქებზეა საუბარი, მან არ დააკონკრეტა.
„მოვუწოდებთ ჩვენ ამომრჩევლებს მაქსიმალურად იაქტიურონ, რათა აქაც გამოვრიცხოთ რევანშისტული ძალის გამარჯვება. ეს ჩვენი აქტივის მიერ მოცემული მონაცემებია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან არ დაასახელა ის მუნიციპალიტეტები, სადაც მმართველი პარტიის და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მონაცემები მიახლოებულია ერთმანეთთან, რადგან, მისი თქმით, არ სურს „ცუდ და წამგებიან მდგომარეობაში“ ჩააყენოს მმართველი პარტიის კანდიდატები.
არჩევნები 2021
კალაძე: მჯერა, თბილისელებს სწორი არჩევანის მიღება არ გაუჭირდებათ
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 39,5%-ია.
ამ დროისთვის ხმა უკვე 825.129 ამომრჩეველმა მისცა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა პირველი ტურის მსგავსად კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია და 52,8%-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი აქტივობა – 33,9% მცხეთა-მთიანეთშია.
ქვეყანაში მეორე ტურისთვის 1.830 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში 6 და კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 29 სპეციალური საარჩევნო უბანი.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.