არჩევნები 2021

კახა კალაძე: გილოცავთ გამარჯვებას, ხვალიდანვე შევუდგები პროექტების განხორციელებას

საქართველოში მერებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების მეორე ტური დასრულდა – თბილისის დროით 20:00 საათზე ქვეყანაში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ შევძელით მეორე ტურში გამარჯვება, ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
დღევანდელი არჩევნების ეგზიტპოლები უკვე გამოქვეყნდა. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ამერიკული კომპანია GORBI–ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებით, კალაძეს ამომრჩეველთა ხმების 57,2% აქვს. ხოლო კალაძის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას კი 42,8%. ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებით კი, კალაძეს აქვს 49%, ხოლო მელიას - 51%. საუბარია 18:00 საათისთვის არსებულ წინასაწარ მონაცემებზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ღირსეული გამარჯვების მიპოვება.
„ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემს ამომრჩეველს, მხარდამჭერს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და გააკეთა სწორი არჩევანი. დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება თბილისს, ეს არის განვითარება, აღმშენებლობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს, აქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, თანაგუნდელებთან ერთად დაელოდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებას და ხვალვე შეუდგება კონკრეტული პროექტების განხორციელებას.
არჩევნები 2021
შსს: გამოძიება დაწყებულია სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე
„ეს არის ინფრასტრუქტურის, გამწვანების მიმართულებით, სოციალური, ჯანდაცვის პროექტები. ეს არის ყველაფერი, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება ქალაქს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას“, - აღნიშნა კალაძე.
დღეს საქართველოს მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
20 მერის სავარძლისთვის 40 კანდიდატი იბრძოდა. თითოეულ ქალაქში გამარჯვებული გახდება ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.