არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც - ირაკლი კობახიძე

Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური არჩევანი უკვე დააფიქსირა, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ არჩევანის გაკეთება როგორც ორ პოლიტიკურ პარტიას, ასევე კანდიდატებს შორის ძალიან მარტივია.
მისი თქმით, ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას.
„რაც შეეხება კანდიდატებს, თბილისის შემთხვევაში ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით გამოუჩენია თავი გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და ხულიგნობდა გამუდმებით, მეორე მხარეს არის კანდიდატი, რომელიც 4 წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე, რომელსაც აქვს თბილისის განვითარების ძალიან კონკრეტული ხედვა შემდეგი 4 წლისთვის. ამიტომ, მე მგონი, არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პროვოკაციებს ოპონენტებისგან კენჭისყრის ყველა დღეს ელოდებიან, მათ შორის, დღესაც.
„ყოველ ჯერზე, როცა გვაქვს კენჭისყრის დღე, ველოდებით პროვოკაციებს, რადგან ეს არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა, აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ, არ გაბედონ ასეთი რამის გაკეთება და ასევე, მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, მოთმინებით მიიღონ ნებისმიერი პროვოკაცია, ყველაფერი აღბეჭდონ კამერაზე და ატვირთონ სოციალურ ქსელში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.