თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. წინასწარი მონაცემებით ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს, ასეთია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც ამერიკულმა კომპანია GORBI–მ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. წინასწარი მონაცემებით, კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 57,2%, მისმა მთავარ მოწინააღმდეგემ, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ კი 42,8% მიიღო.
კომპანიის მიერ თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ოთხივე ქალაქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იმარჯვებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა არჩევნებში მონაწილეობისთვის.
„გილოცავთ მეორემ ტურის გამარჯვებით დასრულებას. მადლობა ჩვენს ხალხს და მხარდამჭერებს. მშვიდ და კარგად ჩატარდა არჩევნები და წინასწარი მონაცემების მიხედვით ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. მინდა, მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე. ასევე მინდა, მივულოცო ყველა მერს, ყველა ჩვენს კანდიდატს, მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ “, - განაცხადა პრემიერმა.
მმართველი პარტიის ლიდერები გამარჯვებას უკვე ზეიმობენ. ისინი პარტიის ოფისთან არიან შეკრებილები.
დღეს საქართველოს მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
20 მერის სავარძლისთვის 40 კანდიდატი იბრძოდა. თითოეულ ქალაქში გამარჯვებული გახდება ის კანიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.