თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში, მე-20 საარჩევნო უბანზე.
თავდაპირველად დაპირისპირება „ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და მოძრაობა „საქართველოსთვის” წევრ ბექა პაპაშვილს შორის მოხდა.
როგორც მოძრაობა „საქართველოსთვის“ მხარდამჭერები აცხადებენ, პაპაშვილმა დაინახა, რომ საარჩევნო უბნის გარეთ, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, როდესაც პაპაშვილმა ვითარების გარკვევა სცადა, ამ დროს მასსა და „ქართული ოცნების” მხარდამჭერს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ბექა პაპაშვილი და პირი, ვინც მას ფიზიკურად დაუპირისპირდა, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.
მოგვიანებით დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორისაც.
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას თქმით, რომელიც ადგილზე თავის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტი, გიორგი მუმლაძე ზუგდიდელებს სეპარატისტულ განწყობებში ადანაშაულებს. წოწერიას განცხადებით სწორედ მუმლაძის ამ განცხადებას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების თქმით, მუმლაძეს მსგავსი არაფერი უთქვამს.
ჩხუბში ჩართული პირები პოლიციამ გააშველა. ერთი პირი კი შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის დააკავა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.