არჩევნები 2021

ცესკოში საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნეს, რომ შემოსული საჩივრებით ქალაქი ზუგდიდი ლიდერობს.
Sputnik
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა იმ სავარაუდო დარღვევებსა და ხარვეზებზე ისაუბრა, რომელებიც უბნებზე ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას დაფიქსირდა.
შაბათს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს 24 საარჩევნო ოლქში ირჩევს.
„ბათუმში, მე-9 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ სხვა წევრების მისვლამდე დაიწყო პროცედურები, გადათვალა ბიულეტენები. კომისიის წევრების მისვლის შემდეგაც გადაითვალა დოკუმენტაცია, შესაბამისად დაწერილია საჩივარი“, - აღნიშნა იოსელიანმა.
მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის 36-ე უბანი დროულად არ გაიხსნა, შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ უბანი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.
ასევე არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს ვაკის მეოთხე საარჩევნო უბანზე კაბინის უკანა მხრიდან ამომრჩეველს უყურებენ, აღნიშნა იოსელიანმა.
მისი თქმით, ამ უბანზე კენჭისყრა კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს და ფარულობის პრინციპი დარღვეული არ არის.
არჩევნები 2021
საარჩევნო უბანზე დაუშვებელია ეგზიტპოლის ჩატარება - ცესკო
კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია დაკავშირებულია ზუგდიდის 96-ე საარჩევნო უბანზე სადეზინფექციო ხსნარის მეშვეობით მარკირების მოშორების ფაქტის დაფიქსირებასთან, აღნიშნეს ცესკოში.
გარდა ამისა, გაუგებრობა მოხდა დუისის 26-ე საარჩევნო უბანზე., სადაც ამომრჩეველმა შეცდომით წარადგინა მისი ოჯახის წევრის პირადობის მოწმობა. როგორც ცესკოში გაარკვიეს, ამომრჩეველმა აღიარა რომ ეს შეცდომით გააკეთა და ხმა უკვე თავის პირადობის მოწმობით მისცა.
იოსელიანის განმარტებით, იდენტიფიცირების პროცედურის გავლის შედეგად აღნიშნული ამომრჩეველი სხვისი პირადობით ვერანაირად ვერ მიიღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას.
იოსელიანმა დაადასტურა, რომ ზუგდიდის მეათე საარჩევნო უბნიდან გააძევეს ორი დამკვირვებელი, ვინაიდან ისინი ერეოდნენ კომისიის წევრების ფუნქციებში და აფერხებდნენ ამომრჩევლების გადაადგილებას.
არჩევნები 2021
შსს არჩევნების მიმდინარეობისას კანონდარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ცესკომ ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ერთი ამომრჩეველი ერთდროულად ორი უბნის სიაში ფიქსირდებოდა.
როგორც იოსელიანმა განმარტა, ნაძალადევის 42-ე და მე–100 საარჩევნო უბნები არის ერთ შენობაში განთავსებული და ორივე უბნის სიებში ფიქსირდება ერთი და იგივე სახელის და გვარის მქონე პირი, სინამდვილეში ეს ორი სხვადასხვა პიროვნებაა განსხვავებული პირადი ნომრით.