თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ორი პოლიტიკური სუბიექტი – მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ორი ეგზიტპოლის შედეგების გასაჯაროების შემდეგ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ზეიმობს.
ეგზიტპოლები წარმოადგინა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ და ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. „იმედისთვის“ ეგზიტპოლი GORBI–მ ჩაატარა, „მთავარი არხისთვის“ კი ქართულმა კომპანია „ანოვამ“.
„იმედის“ მიხედვით, მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა, „მთავარი არხის“ მიხედვით კი „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერს პარტიის ოფისის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე უყურებდნენ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები კი პარტიის ოფისში იყვნენ შეკრებილი. ორივე პარტიაში ეგზიტპოლების შედეგებს ოვაციებით შეხვდნენ.
„მადლობა მხარდაჭერისთვის ჩვენს აქტივისტებს, რომლებმაც უარი თქვეს სიძულვილზე და საკუთარი არჩევანი გააკეთეს. პირველ რიგში, ვულოცავ კახა კალაძეს – თბილისის მერს და ჩვენს სხვა დანარჩენ 19 კანდიდატს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენ შევძელით მოგვეპოვებინა არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ ღირსეული გამარჯვება“, – განაცხადა თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ, რომელიც კენჭს მეორე ვადით იყრიდა.
საკუთარ მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა და კალაძის მთავარმა მოწინააღმდეგე ნიკა მელიამაც.
„მიუხედავად „ქართული ოცნების“ ძალადობისა და ზიზღისა, ქართველმა ხალხმა შეძლო გამარჯვება, ჩვენ ერთად მოვახერხეთ ამ ბოროტების დამარცხება“, – განაცხადა მელიამ.
მან მმართველ პარტიას დამარცხების აღიარებისკენ, მის მხარდამჭერებს კი საარჩევნო უბნებზე ხმების დაცვისკენ მოუწოდა.
ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია და ხმების დათვლა მიმდინარეობს. ცესკო კენჭისყრის პირველად მონაცემებს გვიან ღამით გამოაქვეყნებს.