შვეიცარიაში ქართული ღვინის ფორუმი იმართება

ღონისძიების გამართვის უმთავრესი მიზანია შვეიცარიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ბერნში ფესტივალ FERNWEH-ის ფარგლებში „ქართული ღვინის ფორუმი" იმართება, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ფესტივალ FERNWEH-ის მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კულტურის წარმოჩენაა.
სამდღიან ფორუმს ბერნის კულტურის სახლი Casino Bern მასპინძლობს, სადაც წარმოდგენილია ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები.
ფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება, რომლის მიზანიც შვეიცარიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაა.
Expo Georgia-ში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის დავით ტყემალაძის განცხადებით, შვეიცარიაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველად იმართება.

„ქართული ღვინის ფორუმის ქალაქ ბერნში გამართვის უმთავრესი მიზანია შვეიცარიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია, მისი ისტორიის, ტრადიციების, თანამედროვეობისა და პერსპექტივების წარმოჩენა", – განაცხადა ტყემალაძემ.

ფორუმის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა გიორგი თევზაძემ ქართული ღვინის ტრადიციების, კულტურისა და ისტორიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან შვეიცარიაში საქართველოს საელჩო, „ქართული ღვინის გალერეა" (GeoHaus GmbH) და „შვეიცარიაში ქართული კულტურის ცენტრი".