თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. მზეზე მაქსიმალური სიმძლავრის, Х1.0 კლასის აფეთქება დაფიქსირდა, იუწყება მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორია.
მეცნიერების განცხადებით, მძლავრი რენტგენული გამოსხივების პროცესი ხუთშაბათს, საღამოს, თბილისის დროით 19:17 საათზე დაიწყო და 31 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
ლაბორატორიის საიტზე აფეთქების აქტიურობის ინდექსი ნარინჯისფერ დონემდეა აწეული და ოდნავ აკლია წითელ დონემდე.
როგორც ლაბორატორია განმარტავს, სულ ორი დღე-ღამის განმავლობაში მზეზე 28 სუსტი, საშუალო და ძლიერი აფეთქება მოხდა.
აფეთქების დროს ვარსკვლავის ზედაპირიდან კორონარული ნივთიერება გამოიტყორცნება. მოაღწევს თუ არა პლაზმის ღრუბელი დედამიწამდე, ეს აფეთქების ტრაექტორიაზეა დამოკიდებული.
იმ შემთხვევაში, თუ უზარმაზარი ენერგიის მქონე ტალღა ჩვენ პლანეტამდე მოაღწევს, ამას გეომაგნიტური ქარიშხლები მოჰყვება, რაც, თავის მხრივ, რადიოკავშირსა და სანავიგაციო სისტემების მუშაობაში შეფერხებებს იწვევს.
ამათან სექტემბრის შუა რიცხვებში ამერიკელმა და ევროპელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მზეზე მანამდე უცნობი ორი სუპერაფეთქება გამოავლინეს, რომლებიც, მათი მტკიცებით, ჩვენს ერამდე 7176 და 5259 წლებში მოხდა. სწავლულების თქმით, მაშინ ამ სუპერაფეთქებებს დედამიწაზე შესამჩნევი გავლენა არ მოუხდენიათ.