თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენა 30-31 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" (Expo Georgia) გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებაზე თითქმის ყველა სახეობისა და კატეგორიის ღვინო იქნება წარმოდგენილი საქართველოს რეგიონებიდან.
გამოფენის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი იქნება: ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები; ინგრედიენტები და დანამატები; შეფუთვა და შესაფუთი მასალები; სასუქები; მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები; სანერგეები; მინა და მინის ნაწარმი; აქსესუარები; სერვისები.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.
გამოფენის ფარგლებში 29-30 ოქტომბერს ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსიც ჩატარდება.
ჟიური, ღვინის მაგისტრ ტიმ ატკინის თავმჯდომარეობით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან ღვინოებს რვა კატეგორიაში გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 30 ოქტომბერს საზეიმო დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.
პარალელურად 31 ოქტომბერს ღვინის ექსპორტის ფორუმი Winexpo Forum ჩატარდება, რომელიც ღვინის იმპორტიორებთან შეხვედრებს, დისკუსიის რეჟიმში სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის განხილვას და მწარმოებლებისთვის პრაქტიკულ რჩევებს გულისხმობს.
გამოფენისა და კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.