ჩხაიძე: ადამიანის რესურსი ამოუწურავი არ არის

ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ Palitranews-ის ეთერში.
მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით 29-ე დღეა შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილმა ექიმების მომსახურებაზე თანხმობა განაცხადა
ჩხაიძის განმარტებით, შიმშილობა არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ხოლო მისი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე გარკვეულ კვალს დატოვებს და ეს, შესაძლოა, მძიმე ფორმა იყოს.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა ეს ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელი. რესურსი ამოუწურავი არ არის. ნებისმიერი ადამიანი, რაც არ უნდა ჯანმრთელი იყოს, შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში სიცოცხლის რისკის ქვეშ დგას. ოთხი კვირის განმავლობაში საკვების არმიღება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ეს რისკები შეიძლება აისახოს ნებისმიერი სისტემის სიცოცხლისუნარიანობაზე, ეს იქნება საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა", – განაცხადა ჩხაიძემ.

ჩხაიძის აზრით, აუცილებლად უნდა შეიკრიბოს მულტიპროფილური სპეციალისტების ჯგუფი და გადაწყვიტოს, რა გამოკვლევების ჩატარებაა აუცილებელი.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში.