თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი 2022 წლის 1 იანვრის 06:00 საათამდე გაგრძელდა, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.
მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელი პრემიერმა ალი ასადოვმა მოაწერა, კორონავირუსის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების აღკვეთის მიზნით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი გრძელდება.
მანამდე, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან საკარანტინო რეჟიმი შედარებით შემსუბუქდა.
მაგალითად, აღდგა ზოგიერთი საქმიანობისა და მომსახურების სფეროს მუშაობა, მათ შორის, დასვენებისა და გასართობი კლუბების, ბავშვთა ცენტრების, კულტურის ობიექტებში შესაძლებელია საერთო ადგილების 50%–ის დაკავება. ამასთან, ობიექტების თანამშრომლების 80%–ს უნდა ჰქონდეს სრული ვაქცინაციის ცნობა ან ცნობა, რომ მისთვის აცრა უკუნაჩვენებია.
ასევე მოიხსნა ავტობუსებისა და მეტროს მუშაობის აკრძალვა უქმე დღეებში.
მოთხოვნა სრული ვაქცინაციის შესახებ 1 ოქტომბრიდან მოქმედებს მყიდველებზე დიდ სავაჭრო ცენტრებში, რესტორნების სტუმრებზე, სასტუმროში განთავსებულ პირებზე.