უდუმაშვილი: მეორე ტურისთვის მაქსიმალურად მობილიზებული ვართ

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობაა“.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად სრულდება და მთელი ჩვენი ძალების მობილიზება მიმდინარეობს ყველა იმ ქალაქში, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება" და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში გაიმართება.
IPSOS-ის კვლევა მეორე ტურის წინ: თბილისის გარდა ყველა დიდ ქალაქში – პოზიცია თუ ოპოზიცია?
უდუმაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის" ყველა კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას იზეიმებს.

„ჩვენმა მოსახლეობამ არჩევანი უკვე გააკეთა და ეს დაამტკიცა არჩევნების პირველ ტურში, როდესაც ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირა მხარი, ახლა ზუსტად ეს გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ამიტომაც მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად იაქტიურონ. ახლა მთავარია ორი რამ – ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა და ამომრჩეველთა ხმების საარჩევნო უბნებზე დაცვა. ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში", – განაცხადა უდუმაშვილმა.

გუშინ კომპანია IPSOS-მა ტელეკომპანია „მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას თბილისის გარდა ყველა ქალაქში შეძლებენ. თბილისში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 51,6%, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნიკა მელიამ კი 48,4% მიიღო.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 რაიონში და 24 საარჩევნო ოლქში. ამომრჩევლების საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2.088.722 ადამიანია, აქედან 1.002.525 თბილისშია რეგისტრირებული. უმრავლეს შემთხვევაში მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობაა".