თბილისსა და მადრიდს შორის შეიძლება პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს

პირდაპირი რეისები ქვეყნებს შორის ხელს შეუწყობს როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ისე ტურიზმის განვითარებას, აღნიშნა ქვრივიშვილმა.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისიდან მადრიდის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესპანურ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილი ბარსელონაში ვიზიტით იმყოფება, სადაც მსოფლიო ტურიზმის სამიტი ტარდება. საქართველოს ღონისძიებაზე ასევე წარადგენს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
თბილისსა და ოდესას პირდაპირი ავიარეისი დააკავშირებს
ვიზიტის ფარგლებში ქვრივიშვილმა შეხვედრები გამართა ავიაკომპანიების Air Europa-სა და Iberia Airline-ის წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა. ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისი–მადრიდის პირდაპირი რეისის სიხშირესთან დაკავშირებით. პირდაპირი რეისები ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რათა ხელი შევუწყოთ ევროპიდან ჩვენს ქვეყანაში ტურისტების დიდი ნაკადის შემოდინებას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან.
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 2021 წლის 1 თებერვლიდან აღადგინა. ამჟამად ქვეყანაში ეტაპობრივად მიმდინარეობს ფრენების აღდგენა. საქართველო თავის ბაზარზე იბრუნებს საერთაშორისო ავიაკომპანიებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებული იყვნენ ფრენები შეეწყვიტათ.