რატომ განახლდა შეხვედრების ოთახში მინის ბარიერი: პენიტენციური სამსახურის განმარტება

ადმინისტრაციამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილისთვის მის ადვოკატებთან შეხვედრის აკრძალვის შესახებ.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები არ იცავენ კოვიდ-რეგულაციებს, ამიტომაც ციხის ადმინისტრაცია იძულებული გახდა შეხვედრების ოთახში მინის დამცავი ბარიერი განეახლებინა, ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
გუშინ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ციხის ადმინისტრაციამ შეხვედრების ოთახში მინის მაღალი ბარიერი დაამონტაჟა, რაც მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან კონტაქტისთვის დაბრკოლებას ქმნის და არღვევს ადვოკატსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს შორის საიდუმლო კომუნიკაციას.

„აღნიშნული გადაწვეტილება განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე დადგენილი რეგულაციების მუდმივი დარღვევით", – ნათქვამია განცხადებაში.

ციხის ადმინისტრაციის მონაცემებით, სააკაშვილი და მისი ადვოკატები მაგიდაზე დგებოდნენ და მინის დამცავი ბარიერის ზემოდან კონტაქტობდნენ. ამასთან, სააკაშვილმა უარი განაცხადა პირბადის გამოყენებაზე, რამაც ვირუსის გავრცელების რისკი გაზარდა.
„ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების რისკი, რაც სხვა ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი შეიძლება გამხდარიყო", – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სააკაშვილის არც ერთ ადვოკატს არ წარუდგენია კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორც ეს ციხის კანონებითაა გათვალისწინებული.
სააკაშვილის ფაქტორი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე არ იმოქმედებს – კობახიძე
რაც შეეხება ადვოკატების ბრალდებებს სააკაშვილთან გზავნილების გაცვლის შეუძლებლობის შესახებ, ციხის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ ადმინისტრაციის მეშვეობით, თუ საუბარია საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციებზე.
ასევე ადმინისტრაციამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილისთვის მის ადვოკატებთან შეხვედრის აკრძალვის შესახებ. ოფიციალური მონაცემებით, ექს-პრეზიდენტი 28 დღის მანძილზე – მისი დაკავების მომენტიდან ადვოკატებს 57-ჯერ შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით 28-ე დღეა შიმშილობს.