რამდენად მოქმედებს თურქული ლირის გაუფასურება ლარზე? ეროვნული ბანკის განმარტება

თურქეთი ჩვენი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თურქული ლირის ვარდნის გამო ქართული ლარის მხრიდან მკვეთრი რეაქციის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

მიმდინარე წლის აპრილში თურქული ლირის რყევის გამო ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა. თურქეთის ფულადი ერთეული ბოლო კვირების მანძილზე უფასურდება. ვალუტის ვარდნა მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რომ ათი ქვეყნის ელჩები, რომლებმაც უფლებადამცველ ოსმან კავალუს გათავისუფლება მოთხოვეს, პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა.

„თურქეთი ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ხდება მის ვალუტასთან დაკავშირებით. თუ დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ, ლირის გაუფასურება ჩვენი სხვა სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გამყარებით ბალანსდება", – განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ეს ბალანსი იკავებს ლარის სტაბილურობას ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე.
ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა, აღნიშნა გვენეტაძემ.
საქართველოსა და თურქეთს შორის საგარეო სავაჭრო ურთიერთობამ 2021 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის საერთო სავაჭრო ბრუნვის 14,8%-ია.