სააკაშვილის ფაქტორი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე არ იმოქმედებს – კობახიძე

უკრაინელ ადვოკატს ევგენი გრუშოვეცსა და ჟურნალისტ დმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ერთადერთი, რაც ქმნიდა უხერხულობებს ორი მეგობარი სახელმწიფოს ურთიერთობაში, იყო სააკაშვილის ფაქტორი, განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა საზღვარზე ინციდენტის შესახებ, როდესაც საქართველოში არ შემოუშვეს ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი და ჟურნალისტი დმიტრი გორდონი და მისი მეუღლე. მათ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა სურდათ.
კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ შემოუშვეს ეს ადამიანები საქართველოში, აღნიშნა, რომ უარის მიზეზი "შესაბამისმა უწყებამ" უნდა განმარტოს.

„რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შეშვება–არშეშვებას კონკრეტულ სახელმწიფოში, ამ შემთხვევაში საქართველოში, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი. იგივე რამ შეიძლება მოხდეს უკრაინაშიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატებში გერმანიის მოქალაქეების მიმართ და ა.შ." – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არანაირად არ აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. მისი თქმით, ერთადერთი, რაც უხერხულობას ქმნიდა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში, ეს სააკაშვილის ფაქტორი იყო.
აქედან გამომდინარე, როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს „შოუს მოწყობას" ექს-პრეზიდენტის მონაწილეობით, და არჩევნების მეორე ტურის შემდეგ „სააკაშვილი დღის წესრიგიდან გაქრება".
საქართველოს საზღვარზე უკრაინელი ომბუდსმენი დააბრკოლეს: ნინო ლომჯარია შეშფოთებულია
"სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და, მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, 30 ოქტომბრიდან ეს საკითხი საერთოდ გაქრება ჩვენი დღის წესრიგიდან", – აღნიშნა მან.
ევგენი გრუშოვეცი თბილისში ამ დღეებში ჩამოფრინდა, რათა ქართველ კოლეგებთან ერთად ყოფილი პრეზიდენტი დაეცვა, ხოლო უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი სააკაშვილისგან ციხეში ინტერვიუს აღებას აპირებდა. ორივე მათგანი თბილისის აეროპორტიდან უკან, კიევში გააბრუნეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა ამასთან დაკავშირებით გააკრიტიკა ქართული კანონმდებლობა, რომელიც შსს-ს აძლევს უფლებას, ქვეყანაში არ შემოუშვას უცხოელი ყოველგვარი საფუძვლისა და განმარტების გარეშე.