თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. იტალიის სენატმა არ მიიღო კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ჰომოფობიისთვის, იუწყება Deutsche Welle.
როგორც აღინიშნება, კანონპროექტი სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციის რასიზმთან გათანაბრებას ითვალისწინებს, რისთვისაც სასჯელად თავისუფლების აღკვეთაც კი იყო მოაზრებული.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივას, რომელიც იტალიის პარლამენტის ზედა პალატის სხდომაზე სამშაბათს გავიდა განსახილველად, 154-მა დეპუტატმა გაუწია წინააღმდეგობა, კანონპროექტის მომხრე მხოლოდ 131 დეპუტატი იყო.
მოწინააღმდეგე დეპუტატებმა შეძახილებითა დ აპლოდისმენტებით აღნიშნეს კენჭისყრაში გამარჯვება.
კანონპროექტს 2020 წლის შემოდგომაზე დაუჭირა მხარი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ. სენატში კენჭისყრის პროცედურა რამდენჯერმე გადაიდო კანონპროექტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის კომპრომისის არარსებობის გამო.
საბოლოოდ, მემარჯვენე პარტიების — „ლიგისა“ და „იტალიის ძმების“ ინიციატივით, ფარული კენჭისყრა გაიმართა, რა დროსაც ჰომოფობიის აკრძალვის მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ სენატის გადაწყვეტილება „სამარცხვინოდ“ შეაფასა.