თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
2021 წლის თებერვლიდან ვაკის პარკი სრულმასშტაბიანი რემონტის ჩასატარებლად მთლიანად დაიკეტა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევის და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო, და რადგან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე ხორციელდება.
„ამის პარალელურად ვიწყებთ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპს, რომელიც კასკადისა და შადრევნების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით. ასევე მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კალაძის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში უკვე განახლდა ფურნიტურა, საფეხმავლო და ველობილიკები, დამატებით მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ბილიკები. ასევე მოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის სოკოები და ცხოველთა სასეირნო მოედანი, ახალი სარწყავი, სანიაღვრე, წყალარინების და ელექტრობის სისტემები.
ამას გარდა ცენტრალურ ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი; დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე სრულად განახლდა მცენარეული საფარი – დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 ათასზე მეტი ძირი ბუჩქი და 1.338 ძირი ხე. 80 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე დაგეგმილია ბალახის ჰიდროთესვის პრინციპით დათესვა.
მერიის ცნობით, პარკის რეაბილიტაციზე 7,6 მლნ ლარი, ხოლო გამწვანების ღონისძიებებზე დამატებით 3,5 მლნ ლარი დაიხარჯა.
ვაკის პარკი 1946 წელს ტრიალ მინდორზე გაშენდა. 2017 წელს პარკის ტერიტორია გაფართოვდა, მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. აქ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი ანთია. ეს არის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შეხვედრის ტრადიციული ადგილი 9 მაისს.