თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. დღეს ვდგავართ ერთად, რათა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ, განაცხადა თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე.
დღეს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ არჩევნების წინ თბილისის ცენტრში ათიათასობით თავისი მომხრე შეკრიბა. როგორც პარტიის ლიდერებმა განმარტეს, ეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიებაა.
„ჩემი ქალაქის, თბილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. მე ასე მწამს, ასე მიცხოვრია და ასე ვიცხოვრებ, რადგან მჯერა ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის და ჩემი ქალაქის უკეთესი მომავლის. მე დღეს ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო თბილისზე, იმაზე, რისი გაკეთება შევძელი ჩემს გუნდთან ერთად, იმაზეც, რისი გაკეთებაც ჯერ ვერ მოვასწარით, მაგრამ რასაც აუცილებლად გავაკეთებთ“, – აღნიშნა კალაძემ.
კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ 30 ოქტომბერს თბილისელები სწორ არჩევანს გააკეთებენ.
„პირველ რიგში, თითოეულ თქვენგანს გადაგიხდით უდიდეს მადლობას 2 ოქტომბრის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს არჩევნები იყო ბევრად მეტი, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს იყო არჩევნები, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა გაევლო ზღვარი ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის, უსამართლობასა და სამართლიანობას შორის, არეულობასა და მშვიდობას შორის, წარსულში დაბრუნებასა და მომავლის პერსპექტივას შორის“, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე განცხადებით, 30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დასრულდეს ძალადობასა და ბოროტებაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალის ამბიციები ქვეყანაში. მან მოუწოდა მოსახლეობას, უკლებლივ ყველა მივიდეს არჩევნებზე.
„30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში. 30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე; უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში, რათა ამ საბოლოო გამარჯვებით კარი გავუხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალს, კარი გავუხსნათ კეთილშობილ, პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში; კარი გავუხსნათ ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს და პარტიას, რომელსაც რეალურად ადარდებს ამ ქვეყნის ბედი“, – განაცხადა კალაძემ.
ქვეყანაში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ამ დღეს მოსახლეობა 20 ქალაქისა და რაიონის მერებს და ასევე 15 მუნიციპალიტეტში საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.