პრემიერი: აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული

2007 წელს ანტვერპენში (ბელგია) დიასპორების წარმომადგენელთა კონგრესზე აფხაზური ენის დღის 27 ოქტომბერს აღნიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს ყველა ქვეყანაში, სადაც კი დიასპორა ცხოვრობს.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.
აფხაზური ენა საქართველოში მეორე სახელმწიფო ენაა.
როგორც პრემიერის მილოცვაშია ნათქვამი, ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და სახელმწიფოს მისი შენარჩუნების და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს.

„აფხაზური ენის დღე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისთვისაც აფხაზური ენა მშობლიურია. აფხაზური ენა, კულტურა და ტრადიციები ჩვენი საერთო, მრავალფეროვანი კულტურის შემადგენელი ნაწილი და სიმდიდრეა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, აფხაზური კულტურული იდენტობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ენის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ უნიკალური ენის შესწავლით.
„ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი გამთლიანებულ ევროპულ სახელმწიფოში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
აფხაზური ენა შედის კავკასიურ ენათა ჩრდილო-დასავლურ, აფხაზურ-ადიღურ ჯგუფში. დამწერლობა ოფიციალურად 1928 წელს მიიღეს. თავდაპირველად გამოიყენებოდა ლათინური ანბანი, შემდეგ — ქართული.
1954 წლიდან აფხაზური დამწერლობა კირილიცაზე გადავიდა.