მოსკოვში საქართველოს ინტერესთა სექცია არასამუშაო დღეებშიც იმუშავებს

რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო კვირებში მკვეთრად გაიზარდა, რომლის ფონზეც მოიმატა ლეტალობის შემთხვევებმაც.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესთა სექცია რუსეთში გართულებული ეპიდვითარების გამო უქმედ გამოცხადებულ დღეებშიც იმუშავებს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" საქართველოს წარმომადგენლობაში.
ეპიდვითარების კიდევ უფრო გაუარესების თავიდან აცილების მიზნით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 30 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე პერიოდი არასამუშაოდ გამოაცხადა.
„რუსეთში გამოცხადებული არასამუშაო დღეები ჩვენ არ გვეხება. სექცია არ გეგმავს საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეების მიღების შეჩერებას", – განუცხადეს სააგენტოს.
როგორც ადრე პუტინმა აღნიშნა, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, არასამუშაო დღეები 7 ნოემბრის შემდეგაც გაგრძელდეს. თავის მხრივ, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქში უქმეები 28 ოქტომბრიდან გამოცხადდება.
რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო კვირებში მკვეთრად გაიზარდა, რომლის ფონზეც მოიმატა ლეტალობის შემთხვევებმაც.