COVID-19 - ბოლო ცნობები

მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და არა იძულება: ტიკარაძე ვაქცინაციაზე

ვისთვის გახდება სავალდებულო ვაქცინაცია, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სავალდებულო ვაქცინაციამ შეიძლება საზოგადოებაში ნეგატიური პროცესები გამოიწვიოს, ამიტომაც მისი დაკანონება არ მოხდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.
ტიკარაძე სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდის და ამასთან ერთად საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში ნებაყოფლობითი ჩართვისა და კოვიდ-რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესი, რაც, პირიქით, ბევრად უფრო ხელს შეუშლის ვაქცინაციას. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში უკვე შეიტანა პაკეტი, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტებისა და გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას ითვალისწინებს.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის სავალდებულო ვაქცინაცია გარდაუვალი იქნება>>>
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს „სხვადასხვა შემზღუდავი ან მასტიმულირებელი ზომების დახმარებით“.
ვაქცინაციის იძულების წინააღმდეგ გამოდის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს სჭირდებათ „არა იძულება, არამედ დარწმუნება“, რათა ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
26 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.955.943 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.026.989 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36,1%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 928.081 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 32,5%. 25 ოქტომბერს აიცრა 4.927 ადამიანი.
სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.