მმართველი პარტია ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს

მმართველი პარტია თბილისის ცენტრში დღეს დაგეგმილ აქციაზე მხარდამჭერებს 17:00 საათისთვის ელოდება.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მომხრეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ პროვოკაციებს, რომელიც თბილისში დღეს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე შეიძლება მოხდეს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერთა მასშტაბურ აქციას მართავს. დილიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ავტოკოლონები დაიძრა.
არჩევნები 2021
დავითულიანი: დღევანდელი დღე არის „ქართული ოცნების" შემაჯამებელი აქცია
როგორც მდინარაძემ განაცხადა, გამორიცხული არ არის, რომ დღევანდელ აქციაზე პროვოკაციები „ნაცმოძრაობის" აქტივისტებმა მოაწყონ.

„მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი პარტიული აქტივისტებისა და, სამწუხაროდ, მედიების მხრიდან მცირე პროვოკაციები იყოს. ეცდებიან შექმნან დაძაბული ფონი. გთხოვთ და მოგიწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ნუ აჰყვებით ამ მდარე პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი შეკრებისთვის ჩრდილის მიყენებასა და მათთვის სასურველი სურათის შექმნას", – აღნიშნა მდინარაძემ.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს დღევანდელ აქციაზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
თავისუფლების მოედანზე არჩევნების მეორე ტურამდე აქცია გამართა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც". საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს გამართულ აქციაზე, არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი შეიკრიბა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება. მმართველი პარტია მეორე ტურისთვის ქვეყნის 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ემზადება. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობაა".