მსოფლიო დღეს

სიგელი გადაცემულია: მერკელს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა

Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ანგელა მერკელს ოფიციალურად შეუწყდა გერმანიის ფედერალური კანცლერის უფლებამოსილება, რისი დამადასტურებელი სიგელიც მას პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გადასცა 26 ოქტომბერს, იუწყება Deutsche Welle.
უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ოფიციალური სიგელები ასევე გადაეცათ მერკელის მთავრობის კაბინეტის წევრებსაც.
ამასთან, გერმანიის კონსტიტუციის 69-ე მუხლის თანახმად, შტაინმაიერმა სთხოვა მერკელს, დარჩეს თანამდებობაზე კანცლერის მოვალეობის შემსრულებლად მანამ, სანამ ახალი მთავრობა არ ჩამოყალიბდება. თავის მხრივ, მერკელმა ანალოგიური თხოვნით მიმართა მინისტრებს.
გერმანიის კონსტიტუცია ავალდებულებს კანცლერს, თანამდებობაზე დარჩეს, ვიდრე ბუნდესტაგი მის შემცვლელს არ აირჩევს. ამ პერიოდის განმავლობაში კანცლერისა და მინისტრების მოვალეობის შემსრულებლების უფლებამოსილებები იგივე რჩება, თუმცა „გარდამავალი“ მთავრობა უკვე აღარ იღებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირების თაობაზე მოლაპარაკებები დეკემბრის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს.
ანგელა მერკელი გერმანიის მთავრობას სათავეში 2005 წელს ჩაუდგა. იმის შესახებ, რომ ბუნდესტაგის 2021 წლის არჩევნებში კანცლერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებდა, 2018 წელს განაცხადა.