თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყანამ უკან უნდა ჩამოიტოვოს წარსულის შეცდომები და ბოლომდე უნდა აღადგინოს სამართლიანობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინ თბილისის ცენტრში შემაჯამებელ აქციაზე ათიათასობით თავისი მომხრე შეკრიბა.
„ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა წარსულის გახსენება და შეხსენებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორია ძალიან კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს საიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, გამოუსწორებელი შეცდომები – სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა. ჩვენ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინეთ სამართლიანობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააკავა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი მაღალჩინოსნები – ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, მეგის ქარდავა, რომლებიც „მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმის მთავარი შემოქმედები“ იყვნენ. რაც შეეხება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მას 1 ოქტომბერს „დიდი ხნით კუთვნილი ადგილი“ მიუჩინეს.
„ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას... არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირების და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვას და შეურაცხყოფას“, – განაცხადა პრემიერმა.
მან გაიხსენა პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს, როგორი დანაშაულებიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი.
„ჩვენ მათ მოვექცევით არა ისე, როგორც თავად იმსახურებენ, არამედ როგორც ამას ჩვენი ქვეყანა და თქვენ, ხალხი იმსახურებთ. ჩვენ მათ არ მოვექეცით და არ მოვექცევით, როგორც მტრებს, როგორც თავად ექცეოდნენ წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს, ჩვენ მათ ჩვენი ღირსებით, მაგრამ მკაცრად და სამართლიანად ვაგებინებთ პასუხს. დაე, ყველამ იცოდეს და კარგად გაიგოს, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლიანი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პარტიის ლიდერებმა განმარტეს, ეს იყო წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება. ქვეყანაში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ამ დღეს მოსახლეობა 20 ქალაქისა და რაიონის მერებს და ასევე 15 მუნიციპალიტეტში საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.