სააკაშვილის შიმშილობა: „ევროპის სახალხო პარტია" ხელისუფლებას მიმართავს

მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ნაციონალური მოძრაობა" 2008 წლიდან „ევროპის სახალხო პარტიის" წევრია.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. „ევროპის სახალხო პარტია" (EPP) შეშფოთებულია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ხელისუფლებას მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს, ნათქვამია პარტიის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 27-ე დღეა შიმშილობს. სამედიცინო კონსილიუმმა 19 ოქტომბერს ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს მისი პირადი ექიმიც. იუსტიციის სამინისტროში მხოლოდ იმაზე არიან თანახმა, რომ საჭიროების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდეს. მათი განმარტებით, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულად გამართული ამგვარი პაციენტის მისაღებად.
შეუძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილს წერილების გადაცემა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ ციხის საავადმყოფოში მათი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„შეშფოთებული ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის სამოქალაქო საავადმყოფოში. ხელისუფლება პასუხისმგებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე", – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპის სახალხო პარტია" – ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიაა. ის 1976 წელს დაფუძნდა და ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტში, ასევე ევროპის საბჭოშია წარმოდგენილი. „ნაციონალური მოძრაობა" 2008 წლიდან „ევროპის სახალხო პარტიის" წევრია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ამ დროისათვის ის ორი განაჩენის საფუძველზეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.