ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები: დაკავებულია ოთხი პირი

დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სავარაუდო დამნაშავეთა აყვანის ოპერაცია თბილისის, მარნეულის, ლენტეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა.
ბრალდებულთა ასაკი 29-დან 47 წლამდეა, მათგან ორი წარსულში ნასამართლევია.
თბილისში წარსულში ნასამართლევი, 46 წლის მამაკაცის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია CZ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა.
პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ასევე წარსულში ნასამართლევი 47 წლის მამაკაცი დააკავა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით CZ მოდელის ცეცხლსასროლი შაშხანა, სამი მჭიდი და 45 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ახალციხეში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 39 წლის მამაკაცის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის АК-74-ის მოდელის ავტომატი, მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა.
პოლიციამ მარნეულში დაკავებული 29 წლის მამაკაცის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ТТ-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და შვიდი საბრძოლო ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.