თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. UFC-ს ახალგაზრდა ქართველი მებრძოლი ილია თოფურია 23 იანვარს მორიგ ორთაბრძოლას გამართავს. ინფორმაცია რამდენიმე ამერიკულმა გამოცემამ დაადასტურა.
24 წლის ქართველი სპორტსმენი UFC 270-ზე იასპარეზებს და მისი მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი მოვსარ ევლოევი იქნება. აღსანიშნავია, რომ ევლოევი M1 GLOBAL-ის ყოფილი ჩემპიონია და მას კარიერაში ჩატარებული 15 ბრძოლიდან არც ერთხელ არ წაუგია, აქედან ხუთი შეხვედრა UFC-ში გამართა.
იანვარში ჩანიშნულ ორთაბრძოლას, რომელსაც კალიფორნიის შტატის ქალაქი ანაჰაიმი უმასპინძლებს, ილია თოფურიაც 100%-იანი შედეგით ხვდება. ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 11 გამარჯვებაა, საიდანაც ბოლო სამი ორთაბრძოლა UFC-ში მოიგო. თოფურიამ UFC-ში იუსუფ ზალალი, დეიმონ ჯექსონი და რაიან ჰოლი დაამარცხა.