თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრეთი დაამარცხა და ელიტ-რაუნდს მიუახლოვდა.
გიორგი ჩიტაურის ფეხბურთელებმა უნგრელ თანატოლებს მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 მოუგეს და ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე გაიტანა. ქართველი ფეხბურთელებიდან თავი ალექსანდრე ნარიმანიძემ გამოიჩინა, რომელმაც ლუკა პარკაძის ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით მეტოქის კარში გადაგზავნა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ჯგუფს უნგრეთი მასპინძლობს. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ჯგუფში ოთხი ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე-მესამე ადგილებს 3-3 ქულით იყოფენ უნგრეთი და ესტონეთი, ხოლო ისლანდია ერთადერთი ქულით ბოლო ადგილზეა.
დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები 28 ოქტომბერს ესტონეთს შეხვდება, უნგრეთი კი ისლანდიას უმასპინძლებს. ქართველ ახალგაზრდებს ბოლო ტურში ელიტ-რაუნდის საგზურის მოსაპოვებლად მინიმუმ ერთი ქულის მოპოვება სჭირდებათ.
აღსანიშნავია, რომ ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მოიპოვებენ. ელიტ-რაუნდის საგზურს მოიპოვებს ასევე შესარჩევი ციკლის ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი.