თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში მთავრობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების რეფორმირებას გეგმავს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით.
საქართველოს მთავრობა სახელმწიფო დაწესებულებების კომპლექსურ რეფორმაზე მუშაობს, რომლის მიზანიც აღნიშნული კომპანიების მართვის საერთაშორისო კორპორაციული მართვის სტარნდარტებთან მიახლოებაა.
„აეროპორტები ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. ამასთან ერთად ჩვენ ვართ ავიასაწარმო. ისეთი მსხვილი საწარმო, როგორიცაა საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, აუცილებლად უნდა იყოს სწორად მართული, ჩვენი სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო კორპორაციული მართვის სტარნდარტებს", – განაცხადა საქართველოს აეროპროტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
მისი თქმით, რეფორმის დაწყებამდე მსოფლიო ბანკმა უწყების სტრუქტურის ანალიზი ჩაატარა და დასკვნა მოამზადა.
„დადებითი მომენტი არის ის, რომ ჩვენ უკვე გვყავს სამეთვალყურეო საბჭო, დაკომპლექტებული ვართ პროფესიონალი კადრებით და გვაქვს ის მექანიზმები, რომელიც არის საავიაციო უსაფრთხოების ხარისხის მართვის, საავიაციო უშიშროების კონტროლის და სახელმწიფო შესყიდვების კონტროლისთვის საჭირო", – აღნიშნა არჩუაძემ.
ავიაცია არის ძალიან მზარდი სფერო. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ძალიან დაგვაზარალა, აღდგენის დინამიკა სახეზეა და, განახლებული პროგნოზებით, 2023 წლისთვის ვიქნებით უკვე 2019 წლის მაჩვენებლებზე. ასე რომ, ეს რეფორმა საკმაოდ დროულია, დასძინა არჩუაძემ.
მთავრობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმაში მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) უწევენ კონსულტაციას.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ევროპული ტიპის რეფორმა დაფუძნებულია საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე. მისი თქმით, სახელმწიფო საწარმოებს აქვს საკმაო პოტენციალი, რათა ეკონომიკის გარკვეული სფეროების განვითარებაში წამყვანი როლი ითამაშოს.
სახელმწიფო ბალანსზე მთლიანობაში 236 საწარმოა. მათგან 159 ცენტრალური ხელისუფლების, 77 კი ადგილობრივი ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. ამასთან, სახელწიფო 100 საწარმოში ფლობს 100%-იან წილს, კიდევ 29 შემთხვევაში კი საკონტროლო პაკეტს. რაც შეეხება საწარმოების მართვას, აბსოლუტური უმრავლესობა ეკონომიკის სამინისტროს მართვაშია.