თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე, ნათქვამია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის Facebook-გვერდზე აიტვირთა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს. სამედიცინო კონსილიუმმა, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ელოდება, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს გლდანის ციხეში არსებულ სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსებენ.
„როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას ან ჩემი სიკვდილი ან ჩემი თავისუფლება არ დაასრულებს“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
ციხის კლინიკა მდებარეობს ცალკე მდგომ შენობაში გლდანის ციხის ტერიტორიაზე, რომელიც წარსულში პატიმართა წამების ფაქტებით არის ცნობილი. მიუხედავად ხელისუფლების განცხადებებისა სააკაშვილის სრული დაცვის უზრუნველყოფის შესახებ, ადვოკატები საუბრობენ ექს-პრეზიდენტის მკვლელობის შესაძლო მცდელობაზე, რომელიც ციხის საავადმყოფოში შეიძლება მოხდეს.
ამასთან სააკაშვილის თანხმობის გარეშე მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში ვერ მოხდება. ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმა მოქმედებს იმ მომენტამდე, სანამ პაციენტი თავად შეძლებს საკუთარი ნების გამოხატვას.
ამ დროისათვის სააკაშვილი იმყოფება რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ის 1 ოქტომბერს დაკავებისთანავე გადაიყვანეს. იმავე დღეს ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა.
საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ამ დროისათვის ის ციხეში ორი განაჩენის საფუძველზეა მოთავსებული. მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.