COVID-19 - ბოლო ცნობები

ამირან გამყრელიძე: საქართველოში AY.4.2-ის შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა

გამყრელიძის თქმით, ახალი შტამის გავრცელების გამო საქართველო–რუსეთის საზღვარზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის „დელტა" შტამის ახალი ვარიანტი AY.4.2 ჯერ არ დაფიქსირებულა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ეპიდვითარება გლობალურად უარესდება, რაც გარკვეულწილად დაკავშირებულია ახალ შტამთან.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ახალი შტამი AY.4.2: ბრიტანეთში „დელტაზე“ მეტად გადამდები ვარიანტი გამოვლინდა
„ახალი შტამი საკმაოდ მაღალი პროცენტით ცირკულირებს გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ იგი უკვე გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენ მეზობელ რუსეთშიც. ამიტომაც ახალი შტამი ჩვენთვისაც საყურადღებოა. ჯერჯერობით ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ლუგარის ლაბორატორია მუდმივ რეჟიმში სწავლობს სხვადასხვა კლინიკიდან შერჩევითად აღებულ ნიმუშებს და ვსწავლობთ მათ გენეტიკურ ცვლილებებს", – აღნიშნა გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგის თქმით, ახალი შტამის გავრცელების გამო საქართველო–რუსეთის საზღვარზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„გავრცელების საფრთხე და ალბათობა არის. რაც უფრო დიდი იმუნური ფენით შევხვდებით ახალ შტამს, მით უფრო ნაკლებად დაგვაზარალებს იგი. ჯერჯერობით ყველა ის ვაქცინა, რომელიც მსოფლიოში არსებობს და ჩვენ გვაქვს, არსებული შტამებისგან გვიცავს. ამიტომაც აუცილებელია როგორც კორონავირუსის, ისე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება", – განაცხადა გამყრელიძემ.

AY.4.2 პირველად დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, რომელიც, შესაძლოა, „დელტა" ვარიანტზე უფრო მეტად გადამდები აღმოჩნდეს. მეცნიერების თქმით, AY.4.2 „დელტას" მრავალთაგან ერთ-ერთი განშტოებაა, რომელსაც, დიდი ალბათობით, უპირატესობა აქვს ვირუსის საწყის და ასევე სხვა ვერსიებთან შედარებით.
საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 27 მაისს დაფიქსირდა. ამ ეტაპზე საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები სწორედ „ინდურ“ შტამს უკავშირდება.