თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ბანკების ასოციაცია აფრთხილებს მომხმარებლებს სატელეფონო თაღლითობის გახშირებული შემთხვევების შესახებ.
ასოციაციის ინფორმაციით, მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ნომრებიდან უკავშირდებიან უცნობი პირები და მოქალაქეებს სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას, ბარათის მონაცემების გაზიარებას ან უკვე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.
„გვსურს გაგაფრთხილოთ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ის მესამე პირს“, – ნათქვამია ასოციაციის ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკების ასოციაციის მონაცემებით, კიბერ-თაღლითობის ფაქტების შესახებ პოლიციას უკვე ეცნობა.