თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ეგვიპტის საინჟინრო სამმართველომ კონკურსი გამოაცხადა ქვეყნის ახალი ადმინისტრაციული დედაქალაქის სახელის შესარჩევად, იუწყება გამოცემა Ahram-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ეგვიპტის მეოთხე თაობის ახალი დედაქალაქის შესახებ, რომლის მშენებლობაც 2015 წელს დაიწყო და რომელიც მიმდინარე წლის ბოლოსთვის გაიხსნება.
ეგვიპტის საინჟინრო სამმართველომ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს მეგასახელმწიფოებრივ პროექტებს, მოუწოდა ყველა ეგვიპტელს, მიმდინარე წლის 18 ნოემბრამდე მიაწოდონ მათ ახალი დედაქალაქის სახელისა და სლოგანის, ასევე ინოვაციური ლოგოტიპისა და „ვიზუალური იდენტობის“ ვარიანტები. ამის შემდეგ ექსპერტების, ინტელექტუალებისა და მწერლებისგან შემდგარი საექსპერტო კომიტეტი დაახარისხებს და შეისწავლის მიწოდებულ ვარიანტებს.
როგორც სამმართველოს განცხადებაშია ნათქვამი:
„ახალი დედაქალაქის ვიზუალური იდენტობა უნდა ასახავდეს სახელმწიფოს ხედვას ახალი ჭკვიანი ქალაქების მიმართ და ასევე საზოგადოების განვითარებას მეცნიერების, ხელოვნების, ინოვაციების, მდგრადი განვითარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ“.
ახალი დედაქალაქი კაიროდან 50 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და 6,5 მილიონ მოსახლეზეა გათვლილი. იქვე განთავსდება ქვეყნის პარლამენტი, ყველა სამინისტრო, სამთავრობო დაწესებულებები, ასევე ყველა სამსახურის თანამშრომლებისთვის საცხოვრებელი სახლები.