რას გვპირდება მთავრობა? ანუ როცა ბიუჯეტში გარღვევაა

რამდენად რეალურია საფრთხე, რომ ქვეყანამ დაკარგოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ნდობა, რამ განაპირობა ბიუჯეტის დეფიციტის მაღალი მაჩვენებელი, როგორ აისახება დეფიციტური ბიუჯეტი მოსახლეობის შემოსავლებზე და როგორ აპირებს მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებას?
Sputnik
სამსონ ხონელი
ღვინობისთვის პირველ დეკადაში ვწერდი, რომ ქვეყანაში საბიუჯეტო პროცესი დაიწყო. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციით დადგენილ ვადაში დარეგისტრირდა და საპარლამენტო კომიტეტებში განხილვებიც დაიწყო. კარგად მახსოვს, მაშინ მკითხველის ყურადღება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის სულ რამდენიმე პარამეტრზე გავამახვილე. კერძოდ, გაუწყეთ, რომ 2022 წელს მთავრობა 18,443 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე დაახლოებით 1 მილიარდი ლარით ნაკლებია. განვმარტე, რომ ეს შემცირება ორი ფაქტორით არის განპირობებული. პირველი – 310 მილიონი ლარით მცირდება COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. მეორე – ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებული ასიგნებები გათვალისწინებული აღარ არის. წარმოვადგინე, როგორია წინა წლებთან მიმართებაში ცალკეული სამინისტროების დაფინანსების მოცულობის ზრდისა თუ კლების დინამიკა.
რა სიახლეა საფინანსო ბაზარზე და რას მოუტანს ის საბანკო სექტორს?
არც ის დამვიწყებია, ასაკოვანი მკითხველისთვის მეხარებინა, რომ, სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესის შესაბამისად, გაისად პენსია იზრდება. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 260 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 300 ლარით განისაზღვრება. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს, პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის 312 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი გახდება.
მოგახსენეთ, რომ მთავრობის ვარაუდით, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის დონე 6 პროცენტი იქნება და მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ 64,7 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს. ითქვა ისიც, რომ მომავალ წელს მთავრობა 4,4 მილიარდი ლარის ვალად აღებასაც გეგმავს.
მართალია, საბიუჯეტო დეფიციტის თაობაზე არაფერი მითქვამს, რადგან ამ საკითხზე მკითხველის ყურადღების გამახვილებას ცალკე სტატიაში ვაპირებდი. ჰოდა, ახლა განზრახვის სისრულეში მოყვანას ვეცდები. არსებითი კითხვებია: ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის რამდენ პროცენტს შეადგენს? რა არის ამ დეფიციტის გამომწვევი მიზეზი? როგორ აისახება ის მოსახლეობაზე? და, ბოლოს, რას აპირებს მთავრობა საბიუჯეტო დეფიციტის აღმოსაფხვრელად? თანმიმდევრულად მივყვეთ.
რამდენით და რატომ გაიზარდა სახელმწიფოს საგარეო ვალი?
ვერაფრით გაგახარებთ, დღეს ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მაქსიმუმს მცირედით ჩამორჩება. მიმდინარე წლის იანვარი–აგვისტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავარი ხაზინის დეფიციტმა 2,286 მილიარდი ლარი შეადგინა. ასევე დეფიციტშია ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 7,874 მილიარდი ლარი შევიდა, ხოლო ხარჯებმა ამავე პერიოდში 8,841 მილიარდი ლარი შეადგინა. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში დეფიციტის ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ ყოფილა.
საინტერესოა, რამ განაპირობა საბიუჯეტო დეფიციტის ანტირეკორდი? ანალიტიკოსთა შეფასებებით, დეფიციტის მთავარი მიზეზი COVID-19-ის პანდემიის პერიოდში გაზრდილი ხარჯები და შემცირებული შემოსავლებია. ეს იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით ეკონომიკამ, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ გამოცოცხლება დაიწყო და ბიუჯეტშიც ამ წლის პირველ ნახევარში იმაზე მეტი თანხა შევიდა, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო. ადვილი წარმოსადგენია, რომ არა ეს „ეკონომიკის გამოცოცხლება“, რა რეალობა გვექნებოდა.
შეგახსენებთ, ორგანული კანონით „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, ბიუჯეტის დეფიციტი 3 პროცენტს არ უნდა აჭარბებდეს. არადა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 7 პროცენტს სცდება, ანუ ეკონომიკური თავისუფლების აქტით დაშვებულზე ორჯერ მეტია. ამავე კანონის მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალი არ შეიძლება მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტზე მეტი იყოს. თუმცა, მოგეხსენებათ, ბიუჯეტის დეფიციტის შევსების ყველაზე აპრობირებული მეთოდი სწორედ საგარეო ვალების აღებაა. საქართველომ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში გაზრდილი საგარეო ვალებითაც ისტორიულ მაქსიმუმს – 61 პროცენტს მიაღწია და ახლა სურს, მისი ოდენობა წლის ბოლომდე 54,6 პროცენტამდე შეამციროს.
რამდენის დახარჯვას გეგმავს მთავრობა მომავალ წელს?..
ეკონომიკის ექსპერტების ერთი ნაწილის შეფასებით, პანდემიის ვითარებაში ბიუჯეტის დეფიციტი ლოგიკურია. შეშფოთების საფუძველი არ იქნება, თუ შემოსავალებსა და ხარჯებს შორის სხვაობა მომავალი წლიდან კლებას დაიწყებს. მთავრობის მთავარი ამოცანა ხარჯების შემცირება უნდა იყოს. მათივე თქმით, COVID-19-ის პანდემია ფაქტობრივად ყველა ქვეყნის ბიუჯეტზე აისახა. განვითარებული ეკონომიკების ქვეყნებშიც კი პანდემიით გამოწვეული დეფიციტი შესაძლოა იმაზე მაღალი იყოს, ვიდრე საქართველოშია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძლიერი, სტაბილური ეკონომიკის ქვეყნებს დეფიციტის დაძლევისა თუ შემცირების მეტი რესურსი გააჩნიათ. საკამათო არ არის, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ბიუჯეტის დეფიციტის მთავარი მიზეზია. ამ კონტექსტში საინტერესოა, როგორი იყო ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდში? სტატისტიკურ მონაცემებს მოვიშველიებ და მოგახსენებთ, ბიუჯეტის დეფიციტი 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 2,3 პროცენტი, ხოლო 2019 წელს 2,1 პროცენტი იყო. არსებულ მაჩვენებელთან (7 პროცენტი) სხვაობა საკმაოდ დოდია. პანდემიის პირველივე წელს ბიუჯეტის დეფიციტმა 9,3 პროცენტი შეადგინა, ანუ მხოლოდ ერთ წელიწადში ის 7,2 პროცენტით გაიზარდა.
შემდეგი საკითხია, როგორ აისახება ბიუჯეტის დეფიტი მოსახლეობაზე? სიკეთე რომ არ მოაქვს, ფაქტია – შესაძლოა ბრძანოს მკითხველმა და მართალიც იქნება, თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, დეფიციტური ბიუჯეტი დროის მოკლე მონაკვეთში მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზე ვერც ნეგატიურ გავლენას მოახდენს. არსებობს საფრთხე: თუ ქვეყანა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, დეფიციტური ბიუჯეტი მოქალაქეთა შემოსავლებზე აისახება. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების ნდობას დაკარგავს.
ბოლო სამი თვის რისკები: რას უქადის წლის ბოლო ლარს?
როგორია პროგნოზი, კონკრეტულად რას გვპირდება მთავრობა? ფინანსთა სამინისტრო 2022-2025 წლებში საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების დინამიკის მისეულ ხედვას აქვეყნებს. უწყება გვპირდება, რომ დეფიციტი კლებას მომდევნო წლიდან დაიწყებს. კერძოდ, მომავალ წელს ბიუჯეტის დეფიციტი 4,3 პროცენტამდე ჩამოვა. 2023 წელს კი უკვე კანონმდებლობით დადგენილ ნორმას, 3 პროცენტს დაუბრუნდება. შემდეგი ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტი 2,7 და 2,5 პროცენტი იქნება. გამართლდება თუ არა მთავრობის პროგნოზი, დრო გვიჩვენებს. მოგეხსენებათ, ბანალური ჭეშმარიტებაა – საიმისოდ, რომ ბიუჯეტის დეფიციტმა შემცირება დაიწყოს, ეკონომიკური ზრდის ტემპი შეუქცევადი უნდა იყოს.
და, ბოლოს, ასევე მნიშვნელოვანია ხარჯების ოპტიმიზაცია, ანუ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მთავრობამ მაქსიმალურად უნდა შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯები, ბიუჯეტი განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.