თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მომხრეები თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიტინგი 27 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ არის დანიშნული.
„ჩვენი პარტიის ყველა წევრს, მხარდამჭერს, მოქალაქეებს მოვუწოდებთ მაქსიმალური ყურადღებისა და მობილიზაციისკენ... 27 ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. ჩვენი ქვეყნის ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბება, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად", - განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის დროს, 2 ოქტომბერს მოსახლეობის 47%-მა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას".
„ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა... პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის. ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი", - განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ 27 ოქტომბერს დანიშნული შეკრება კონტრაქცია არ არის. მანამდე, 14 ოქტომბერს დიდმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია გამართა.
„არავითარი კონტრაქცია ეს არ არის, ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია. მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, ხალხი რომ ჩამოვიყვანოთ თბილისში. თქვენ თვითონ შეგიძლიათ, განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია, თუ არის ნამდვილი, რეალური აქცია, რომლის მიზანია, ხალხისთვის საკუთარი ძალის კიდევ რთხელ ჩვენება", - აღნიშნა კობახიძემ.
არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს ჩატარდება. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობაა.