თბილისი, 24 ოქტომბერი- Sputnik. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის სიტყვებს ელჩების გაძევებაზე შესაძლოა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური კრიზისი მოყვეს, განაცხადა თურქეთის ყოფილმა პრემიერმა და ახლო წარსულში ერდოღანის თანამოაზრემ ახმეტ დავუთოღლუმ, იუწყება Haberler.
10 ქვეყნის - კანადის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, შვედეთის და შეერთებული შტატების საელჩოებმა ადრე მოუწოდეს თურქეთს, გაათავისუფლოს უფლებადამცველი ოსმან კავალა. ამის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ამ ქვეყნების ელჩების გაწვევა, მათ შეახსენეს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დაცვის აუცილებლობა. ერდოღანმა შაბათს განაცხადა, რომ მან დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს, სასწრაფო ზომები მიიღოს ამ 10 ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების უზრუნველსაყოფად.
„საიდან ეს სულსწრაფობა და ჩვენს ისტორიაში უდიდესი დიპლომატიური კრიზისის გამოწვევის სურვილი იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ჩვენ ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტს ვახორციელებთ? სანამ თქვენი მოქალაქეები ეჭვქვეშ აყენებენ თქვენს სამართლიანობას, არც თქვენი სასამართლო სისტემა და არც თქვენი ქვეყანა არ იმსახურებს ნდობას. სამწუხაროა!“ - აღნიშნა დავუთოღლუმ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავუთოღლუს მიერ ახლად შექმნილი პარტია Gelecek ოპოზიციურ ბლოკს „ეროვნული ალიანსი“ შეუერთდა.
ოსმან კავალა არის ცნობილი თურქი უფლებადამცველი, კულტურული ფონდის Anadolu Kültür AŞ-ის დამფუძნებელი, რომელიც, მათ შორის მხარს უჭერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პროექტებს, რომელთაც ხშირად საერთაშორისო მიმართულება ახასიათებს, მათ შორის ეს ეხება თურქი და სომეხი მოსახლეობის შერიგებას და „ქურთული საკითხის“ მშვიდობიან გადაჭრას.