ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა: მთავრობა მოლაპარაკებებს აახლებს

როგორც მოსალოდნელია, ქარხანა ყოველწლიურად 40 ათას ელექტრომობილს გამოუშვებს, მათი ერთი ნახევარი შიდა ბაზარზე, მეორე კი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გაიგზავნება.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება განაახლოს მოლაპარაკებები ინვესტორთან, რომელიც ქუთაისში ელექტრომობილების პირველ ქარხანას ააშენებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქარხნის მშენებლობის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ 2019 წლის გაზაფხულზე განაცხადა. შესაბამის მემორანდუმს ქართულმა ჰოლდინგმა IGroup ჩინურ კონსორციუმ Changan Automobile-თან მოაწერა ხელი. მხარეები მშენებლობის 24 თვეში დასრულებაზე შეთანხმდნენ. მაგრამ პანდემიის გამო პროცესი შეჩერდა.
„ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე განვაახლეთ, დავიწყეთ ახალი მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან. ქარხნის დიდი ნაწილი ჩამოტანილია ადგილზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროექტი მივიყვანოთ ბოლომდე... აქ ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრო ავტომობილების გამოშვებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გეგმის მიხედვით, ქარხანაში თავდაპირველად ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. ხუთი წლის შემდეგ საქართველოში წარმოებული ავტომობილები წარწერით Made in Georgia საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქცია გახდება.
საჯარო მოხელეებს ახალი წლიდან ხელფასები გაეზრდებათ
როგორც მოსალოდნელია, ქარხანა ყოველწლიურად 40 ათას ელექტრომობილს გამოუშვებს, მათი ერთი ნახევარი შიდა ბაზარზე, მეორე კი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გაიგზავნება. საწარმოში პირველ ეტაპზე 300-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
ინდუსტრიული კომპლექსი ქუთაისში 100 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მომავალში ასევე განთავსდება ეკოპროდუქციის, მზის პანელების და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი საწარმოები.