თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ნიუ-იორკში, ქართულ რესტორანში Chama Mama ქართული ღვინო წარადგინეს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, ათმა ადგილობრივმა იმპორტიორმა წარადგინა 120 ქართული ღვინო, რომლებიც უკვე წარმატებით იყიდება აშშ-ის ბაზარზე. ასევე, პოტენციურ იმპორტიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ 118 ღვინის ისეთ ნიმუშს, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Marq Energie Consulting ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია. ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები მე-8 ადგილს იკავებს.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტი ბოლო 7 წელია სტაბილურად მზარდია.
2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 912 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 34%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. მიმდინარე წლის იანვარი-აპრილში უკვე ექსპორტირებულია 325 ათასი ბოთლი ღვინო (ზრდა 2%).
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში კი, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 807 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 18%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.